მგალობელი ფრინველები მიგრაციის პერიოდში ექსტრემალურ სიმაღლეზე დაფრინავენ

2021.05.14
მგალობელი ფრინველები მიგრაციის პერიოდში ...
Great Reed Warbler ©hedera.baltica_flickr.jpg
როგორც წესი, დიდი მეჩალიები ღამით მიგრირებენ. ჩრდილოეთ ევროპიდან სუბსაჰარულ აფრიკამდე მანძილის დაფარვას ერთი თვე სჭირდება. თუმცა, როგორც გაირკვა, იშვიათ შემთხვევაში ფრენას დღისითაც აგრძელებენ და  ამ დროს განსაკუთრებით დიდ სიმაღლეზე ადიან (6300 მეტრი). ამ საქციელის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი სხეულის გადახურებისგან დაცვაა. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Science.
ევროპიდან აფრიკისაკენ ყოველწლიურად მილიონობით მგალობელი ფრინველი მიგრირებს. ისინი დღის განმავლობაში ისვენებენ და იკვებებიან, ღამით კი - გზას აგრძელებენ. ზოგიერთი სახეობა 24 საათს შეუსვენებლად ფრენაში ატარებს, რათა არახელსაყრელ, საკვებით მწირ ადგილებში გაჩერება არ მოუწიოს - მაგალითად უდაბნოების ან ზღვების თავზე.
სწორედ ასეთი სახეობაა დიდი მეჩალია - Acrocephalus arundinaceus. მიგრაციის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მას 34 საათამდე შეუძლია ჰაერში ყოფნა.
შვედეთის ლანდისა და კოპენჰაგენის უნივერსიტეტებმა, ვილნიუსის ბუნების კვლევის ცენტრთან ერთად, წუთიერი სიზუსტით შეისწავლეს საიმიგრაციო მარშრუტები. სპეციალისტებმა მონაცემთა ჩასაწერი ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით, რომელიც სულ 1.2 გრამს იწონის, 14 მეჩალია მონიშნეს. ფრინველები ტბა კვისმარენთან, ცენტრალურ შვედეთში დაიჭირეს.
ჩამწერები მონაცემებს მთელი წლის განმავლობაში ინახავდა, მეჩალიეების აფრიკისაკენ და უკანა გზაზე ფრენისას. ჩამწერებმა შეინახეს ინფორმაცია სიმაღლის, აქტივობისა და მზის ჩასვლისა და ამოსვლის კუთხეების შესახებ. სიმაღლის შესახებ მონაცემები იწერებოდა ყოველ ერთ საათში, ხოლო ფრენის ტრაექტორია და სხვა აქტივობა (მიწაზე დაშვება, საკვების ძებნა...) - ყოველ 5 წუთში.
ამ ინფორმაციის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ლელიანის დიდი მეჩალიები, ღამ-ღამობით, საშუალოდ 2400 მეტრზე დაფრინავდნენ. რამდენჯერმე 3000 მეტრსაც მიაღწიეს, დღისით ფრენა კი 5400 მეტრზე გააგრძელეს. ამ სიმაღლეზე დაბინდებამდე დარჩნენ, შემდეგ კი 3000-4000 მეტრამდე დაეშვნენ. მომდევნო ღამეს ფრენა   2000 მეტრ სიმაღლეზე გააგრძელეს.
მკვლევარებისთვის ეს ფაქტი საკმაოდ მოულოდნელი იყო. გამოდის, რომ დღისით ფრენისას მეჩალიები ორჯერ მეტ სიმაღლეზე ადიან, ვიდრე - ღამით. ამ ქცევას, ჯერჯერობით, ზუსტი ახსნა არ აქვს. თუმცა, სავარაუდოდ ამის მიზეზი ქარი და ჰაერის ტემპერატურაა. 5400 მეტრ სიმაღლეზე ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსით დაბალია იმ ტემპერატურაზე, რომელიც ღამით 2000 მეტრ სიმაღლეზეა.
მიგრაციისას მგალობელი ფრინველების ფრთები წამში რამდენჯერმე იკეცება და იშლება, რაც ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვაა. სხეულის გადახურების რისკი ღამით ნაკლებია, თუმცა დღისით მათ სიმაღლის ცვლილება უწევთ.
მკვლევარები მეჩალიების შესწავლას აგრძელებენ. ამ კვლევით იმედოვნებენ გაიგონ, თუ რატომ მიგრირებს ზოგიერთი სახეობა ღამით და სძინავს დღისით, როდესაც წლის დანარჩენ პერიოდში პირიქით იქცევა.
 
 
წყარო: Materials provided by Lund University. Note: Content may be edited for style and length.
Read also: